სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმი და ქრისტიანი თემი, 30–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად, პირველად დაუპირისპირდა. სოფელში, სადაც 20 ოჯახი მუსლიმი, 80 კი ქრისტიანია, ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა კონფლიქტის შემდეგ, თანასოფლელებს კეთილმეზობლური ურთიერთობების დარეგულირება თავიდან მოუწევთ.
დაპირისპირების პირველივე დღეს, ორივე მხარე ამბობდა, რომ ინციდენტი ხელოვნურად მართული და პროვოცირებული იყო.
მუსლიმი სასულიერო პირები მესამე ძალის გამოაშკარავებას ითხოვენ, რომელმაც თანასოფლელებს შორის ურთიერთობა დაძაბა. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, ადიგენში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციის შემთხვევებმა იმატა.
აღნიშნული ინციდენტი, რელიგიური ნიშნით დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. სოფელ ჭელის მოსახლეობა ორად 2013 წლის აგვისტოში გაიყო, როცა შემოსავლების სამსახურმა მინარეთი მოჭრა და დაასაწყობა. ამას მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი და მართლმადიდებლების გაღიზიანება მოჰყვა. მინარეთის ხელმეორედ აღმართვა სამი თვის შემდეგ მოხერხდა, ქრისტიანი მოსახლეობის უკმაყოფილება ამ ფაქტმაც გამოიწვია.
რელიგიურ გრძნობებზე თამაში უწოდეს 2014 წლის ოქტომბერში, მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის დაპირისპირებას სოფელ მოხეში. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მის ბალანსზე არსებულ შენობაში, რომელიც მართლმადიდებლების აზრით, ეკლესია იყო, მუსლიმების აზრით კი მეჩეთი, ბიბლიოთეკა განთავსებულიყო. სადავო შენობის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებისთანავე, სოფელში რელიგიური ნიშნით კონფლიქტი დაიწყო.
აღნიშნულ შემთხვევებს, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციად მიიჩნევენ მუსლიმი სასულიერო პირები. მათი თქმით, მსგავსი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი უწყებების დროული რეაგირებაა საჭირო.
|