დღეიდან მართლმადიდებლებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო
14 აგვისტოდან, ქრისტიანებისთვის მარიამობის მარხვა იწყება, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. მარხვა 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს დასრულდება.
სასულიერო პირები მრევლს მარხვის პერიოდის სიმშვიდით გავლას და 28 აგვისტოს, მარიამობის მშვიდობიან გათენებას უსურვებენ.
როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტიანი მარხვის პერიოდში? - ამაზე ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ასე უპასუხა:
"ღმერთმა მარხვა იმიტომ დაადგინა, რომ ადამიანი სულიერად და ხორციელად განიწმინდოს და იმ განწყობით შეხვდეს დღესასწაულს, რა განწყობაც ეკადრება წმინდანის ან საუფლო დღესასწაულის აღნიშვნას. ერთხელ მამა გაბრიელ ურგებაძეს ერთმა ახალგაზრდა ბერმა ჰკითხა, მამაო რა არის მარხვაო, მამა გაბრიელმა კი მას თავისი სიჭაბუკის ცოდვები გაახსენა. როცა შეატყო რომ ბერი დანაღვლიანდა და გაბრაზდა, უთხრა, ნუ ბრაზობ, მოდი პური ვჭამოთო, ბერმა კი უთხრა, პურის ჭამის სურვილი არ მაქვსო. ზუსტად ეს არის მარხვაო, რომ შენი ცოდვებიდან გამომდინარე, მოლხენის სურვილი აღარ გაქვსო.
მარხვაში სხეულს გარკვეული აკრძალვა უნდა დაუწესო იმიტომ, რომ მარხვაში თუ გემრიელად მიირთმევ სამარხო კერძებს, ვერ გაიაზრებ დღესასწაულის შინაარსს. უნდა მოვიკლოთ გარკვეული საკვები, სანახაობა, უნდა ვამარხულოთ თვალები სანახაობისგან, სმენა გარკვეული უხამსი მოსასმენისგან, ხელები და ფეხები გარკვეული უაზრო ქმედებისგან.
წარმოუდგენელია ადამიანი მარხვაზე იყოს და ერთობოდეს, შოუებს უყურებდეს, არ კითხულობდეს სახარებას, არ ლოცულობდეს, აღსარებას არ ამბობდეს, არ ეზიარებოდეს და ეკლესიაში არ დადიოდეს.
მარხვაში ხორცს და რძის ნაწარმს არ მივირთმევთ, იოანე ოქროპირი კი გვასწავლის, რომ თანხა, რითიც ეს პროდუქტები უნდა გვეყიდა, შეგვიძლია მოწყალების სახით დავურიგოთ გაჭირვებულებს. ლოცვა, აღსარება, ზიარება, ქველმოქმედება, სიკეთე... წარმოუდგენელია ადამიანი მარხვას ინახავდეს და მოწყალებას არ გასცემდეს, სულიერად არ ცხოვრობდეს.
აქვე მინდა დავძინო, რომ ამ პერიოდში ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები ზღვაზე, მთაში, სოფელში და ა.შ. ამ დროს ბევრი ამბობს, რომ მარხვის შენახვა ვერ მოვახერხეო. ასე არ შეიძლება, თუ მართმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ყველა დადგენილი მარხვა უნდა შეინახო დიდი მონდომებითა და სიყვარულით. შეიძლება სხეულმა დაისვენოს, მაგრამ სული ამ დროს არ ისვენებს, სულს ყოველთვის სჭირდება ლოცვა, მარხვა, აღსარება და ზიარება".