რელიგია
19 აგვისტოს მართლმადიდებლები ფერიცვალებას ზეიმობენ
19 აგვისტოს, თაბორის მთაზე, იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასთან ერთად აბასთუმანში, დღეს გახსნილ ფერიცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა. ქადაგებისას, მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ტაძარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ძალისხმევით აშენდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგათ, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ.“
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მაცხოვრის ფერიცვალება თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ–ერთია. ამ დღეს ყველა მართლადიდებლურ ტაძარში წირვა აღევლინება. ლიტურგიის შემდეგ, ტრადიციულად, მოძღვარი მორწმუნეების მიერ მიტანილ ხილს აკურთხებს.
დღესასწაული მარხვის დღეს ემთხვევა, ამიტომ პატრიარქის კურთხევით, ფერიცვალება თევზით ხსნილია.
| Print |