რელიგია
კათოლიკე ეკლესიის მესხეთის დეკანოზი სამცხე-ჯავახეთს ტოვებს
მამა ზურა კაკაჩიშვილი, რომელიც 16 წელია სამცხე-ჯავახეთში მოღვაწეობს და ადიგენის მუნიციპალიტეტში ხუთი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი იყო, რეგიონიდან მიდის. სასულიერო პირი მსახურებას თბილისში გააგრძელებს. იგი კათედრალური ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

2019 წლის 15 სექტემბრის დეკრეტით ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მამა ზურაბ კაკაჩიშვილი საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. საკათედროს ტაძარს ქართველი მოძღვარი მას შემდეგ არ ჰყოლია, რაც1937 წელს მამა ლაზარე გოზალიშვილი დახვრიტეს.

ზურა კაკაჩიშვილს ბოლო ოთხი წელი ადიგენის მუნიციპალიტეტი ჰქონდა ჩაბარებული. იგი წირვა-ლოცავას უდეში, არალში, ბენარაში, უნწასა და აბასთუმანში ატარებდა. მის ადგილს პოლონელი მღვდელმსახური ანდრეი გრაჩიკი დაიკავებს, რომელიც წლების წინ ვალეში ორი წელი მსახურობდა.

„16 წელია საქართველოში ვმსახურობ, აქედან 13 წელი სამცხე-ჯავახეთში გავატარე. მე და მამა ანდრეი გრაჩიკმა ფაქტიურად, ადგილები გავცვალეთ. ისიც კარგად იცნობს მესხეთს. დაახლოებით, 14 წლის წინ, ერთად ვმსახურობდით ვალეში“, - გვითხრა მამა ზურა კაკაჩიშვილმა.

ზურაბ კაკაჩიშვილი 1965 წელს ვალეში, კათოლიკეების ოჯახში დაიბადა, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პირველივე კურსიდან ჯარში წაიყვანეს, საიდანც 1985 დაბრუნდა და სწავლა განაგრძო სასოფლო უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც 1990 წელს მაგისტრის ხარისხით დაასრულა. იმავე წელს საბუთები ასპირანტურაზე შეიტანა, თუმცა სწავლა აღარ გაუგრძელებია.

1991 წლის ნოემბერში, გადაწყვეტილება მიიღო, მღვდელი გამხდარიყო. ვარშავაში გაემგზავრა და სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. 8-წლიანი სწავლის შემდეგ მღვდლად ხელდასხმა მიიღო. ორი წელი ვარშავაში დამხმარე მღვდლად განაწესეს, 2001-2003 წლებში კი პრეფექტად დანიშნეს თავისივე სემინარიაში.

2003-2005 წლებში განწესებული იყო ვალეში დამხმარე მღვდლად. 2005-2007 წლებში დანიშნული იყო სასულიერო სემინარიის რექტორად. ამავდროულად, ის იყო გორის და ახალციხის წინამძღვარიც. 2007-2014 წლებში დანიშნული იყო ვალის წინამძღვრად, ხოლო 2014-2015 წლებში - კახეთის წინამძღვრად. 2015-2019 წლებში ადიგენის ხუთი სოფლის წინამძღვრად გადაიყვანეს, ამ პერიოდში დანიშნული იყო სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სამრევლოების დეკანად.

თბილისის საკათედრო ტაძარი 
ფოტო: საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი
| Print |