რელიგია
მამა ნიკოლოზი: ,,უფლის დედამ დაუტევნელი დაიტია" (ვიდეო)
21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ღვთისმშობლობის დღესასწაულის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დეკანოზი მამა ნიკოლოზ აბრამიშვილი გვესაუბრება: 

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან იშვა ნაზარეთში, ქალაქში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. ღვთისმშობლის მშობლები - იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი იმდენად ჩამომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით გახლდნენ ცნობილნი. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა.

იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფელად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო სამწუხარო გახლდათ, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ. მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანნა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით უდრტვინველად ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ რწმენას, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღეს, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისსახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: “უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”. სხვებმაც დაუმატეს: “შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”. იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი შეურაცხყოფის ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

ამავე დროს, როდესაც ქმრის დამცირების ამბავი გაიგო, ანნა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი ის არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შესაძლებელად აქცევს! უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: “ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს”. ანგელოზმა დაავალა ანნას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: “უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე”. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

ღვთისმშობლის შობისა და წარმომავლობის შესახებ მახარებლები დუმან, რადგან ებრაელთა ჩვეულებაში არ იყო ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. თუმცა არსებობდა სჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისაგან. რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები შთამომავალი იყო დავითისეული ტომისა, რომელიც წმიდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა, თუ მარიამიც იგივე სამეფო გვარის შთამომავალი არ იქნებოდა, ამიტომაც როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. მართლაც, მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის დედოფლად და იმედად იქცა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული,უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული 8 სექტემბერს (ძვ. სტილით)აღინიშნება. ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის, ევას მწუხარება სიხარულად გადაიქცა”.
| Print |