რელიგია
26 სექტემბერს, ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა
1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს.

თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფლის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს. წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა.

2013 წელს ჟურნალმა „Archeology“ გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ექვსი თვით ჩამოიტანეს. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანეს. იქიდან წმინდა ნაწილები გადაასვენეს თბილისის სამებაში, სადაც პარაკლისი ჩატარდა. წმინდა ნაწილებმა, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს რეგიონები მოიარა.

ასევე, დაგაინტერესებთ:

ქეთევან დედოფლის წმ.ნაწილი ყველა ეპარქიას მოივლის
| Print |