რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია სამი წმინდანისა და 35 ქალწულის დღეს აღნიშნავს

 

დღეს, 13 ოქტომბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ეპისკოპოსს, გაიანეს, რიფსიმეს და 35 ქალწულს იხსენიებს, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ.

რიფსიმე რომაული წარმოშობის ქალწული და მოწამეა. ის და მისი თანამზრახველი წმინდა გაიანე სომხეთის ისტორიაში პირველ მოწამეებად ითვლებიან.

ლეგენდის მიხედვით წმ. რიფსიმე შეიყვარა თრდატ I–მა. მაგრამ როდესაც ცოლობა სთხოვა რიფსიმემ უარყო, რადგან ქრისტიანი იყო. ამის გამო სომხეთის მეფემ რიფსიმეს ენა მოაჭრა და უბრძანა ქვებით ჩაექოლათ, მისი მეგობარი გაიანე დანააწევრეს და ვეფხვებს შეაჭამეს. მათთან ერთად აწამეს 35 ქალეული. სომხურმა ეკლესიამ ყველა წმინდანად შერაცხა.


მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა.
გრიგოლი დაქვრივების შემდეგ თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მეფემ ერთგული მსახური საშინლად აწამებინა: მას ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს... გრიგოლი მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს.

მეფემ ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩააგდებინა. თოთხმეტი წლის შემდეგ, მეფის დამ გრიგოლი ჯურღმულიდან ამოიყვანა.

უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მათ საფლავზე ტაძარი ააგო.

305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქუ-ლებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. იგი 335 წელს აღესრულა. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

 

| Print |