რელიგია
მართლამადიდებლური სამყარო სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც. 

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა.

ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ხუროებს ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ სახალხო დღესასწაული „მცხეთობა“ აღინიშნება.
| Print |