კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის აღდგენა იწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში 2015 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მეათე საუკუნის ძეგლის აღდგენისთვის 2 000 000 ლარამდე დაიხარჯება.
კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რეაბილიტაცია იწყება. ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს სპეციალისტები რამდენიმე ეტაპად განახორციელებენ. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება. თავდაპირველად არსებული ფასადების გამაგრება მოხდება , ასევე მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის გუმბათი, რის მიხედვითაც სპეციალისტები ძეგლის პროპორციებს შეისწავლიან. 2017 წელს მშენებლობა გუმბათის რეაბილიტაციით დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის სრული აღდგენისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ძეგლის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დღეისათვის მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, დაზიანებულია დასავლეთის მკლავი. ისტორიკოსების ცნობით, ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით.
კუმურდოს ეკლესია იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელზეც მრავალი წარწერაა განთავსებული, მათ შორის სამშენებლოც, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი – 964 წელი.
კუმურდოს ეკლესიის მშენებლობის პერიოდი სამ ეტაპად იყოფა: მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აშენდა, XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რითაც ძეგლის თავდაპირველი სახე გარკვეულწილად შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში კუმურდოს ეკლესიაში კი ყველის საამქროები განთავსდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ტაძარს იერსახე მნიშვნელოვნად, სწორედ ამ პერიოდში დაეკარგა.
|