რელიგია
მხარეებს შორის დაწყებულმა დავამ სასამართლოში გადაინაცვლა (ვიდეო)
ვის ეკუთვნის ადიგენის ნასოფლარ ქვაბიჯვართან, 7 ჰექტრამდე ტერიტორია - კიკიბოსა და დერცელის მოსახლეობის საქმის განხილვა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 25 ოქტომბერს დაიწყო.

მოსარჩელე მხარე სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული ბრძანებების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.

მოსახლეობამ სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია მიწის რეფორმის ფარგლებში, 90-იან წლებში დაუნაწილეს და ჯერ სახნავ-სათესად, შემდეგ კი სათიბებად იყენებდნენ.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს სათიბების საზღვრებს, ამასთან, ტერიტორია ტყის ფონდის შემადგენლობაში შედიოდა და ადგილობრივებისთვის მის გადაცემას ვერც ერთი სახელმწფო უწყება ვერ შეძლებდა.

მოპასუხეები საჯარო რეესტრი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა არიან. საქმეში მესამე პირად ჩართულია საპატრიარქო.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფომ ქონების რეგისტრაცია საპატრიარქოს წერილის საფუძველზე დაიწყო, რეგისტრაციის შემდეგ კი საპატრიარქოს სარგებლობაში გადასცა.

მოსარჩელის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ადვოკატები იცავენ.

საქმის სასამართლო განხილვა მოწმეების გამოკითხვით, ოთხ ნოემბერს გაგრძელდება.
| Print |