რელიგია
კათოლიკური ეკლესიის სინოდი ცალკეულ რაიონებში ცელიბატის წესის გაუქმებას ითხოვს
რომის კათოლიკური ეკლესიის სინოდის ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს ინიციატივას, რომელიც დაქორწინებული კაცებისთვის მღვდლის ხარისხის მინიჭებას ეხება. წინადადებას მხარი ასამბლეის 128 წევრმა დაუჭირა, 41 კი წინააღმდეგი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ინიციატივის ავტორების თქმით, ამ ნაბიჯით ამაზონის რეგიონში მღვდლების ნაკლებობის პრობლემა გადაიჭრება. ინიციატივა კონკრეტულ რეგიონებში მომსახურე სასულიერო პირებისთვის გამონაკლისის დაშვებას, და არა ზოგადად ცელიბატის გაუქმებას ითვალისწინებს.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ინიციატივას დაკავშირებით საკუთარ აზრს რომის პაპი ფრანცისკე დააფიქსირებს. BBC-ის ინფორმაციით, მდინარე ამაზონის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები კათოლიკეების 85% სასულიერო პირების ნაკლებობის გამო ყოველკვირეულად მესას ვერ ესწრება.

ამჟამად რომის კათოლიკური ეკლესია დაქორწინებულ კაცს მღვდლის ხარისხს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუ ის პროტესტანტიზმიდან კათოლიციზმში გადასული სასულიერო პირია.
| Print |