რელიგია
ფსიქოლოგისა და მოძღვრის როლი
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ თუ ვის უნდა მიმართოს ადამიანმა, როცა მას სულიერად სჭირდება დახმარება - ფსიქოლოგს თუ მოძღვარს?

ეს არის საკითხი, რომელიც ხშირად დილემის სახეს იღებს, რაც მრავალ დაბნეულობასა და ბუნდოვანებას ქმნის საზოგადოებაში. აღნიშნული საკითხი იმ ანთროპოლოგიური პარადიგმიდან გამომდინარეობს, რომელიც მოიცავს, როგორც ფსიქო-სოციალურ საკითხებს, ასევე მორალის, რელიგიისა და რწმენის როლს.
ვიდრე რელიგიასა და რწმენაზე დავიწყებთ საუბარს, ფსიქოლოგიის ამოცანაზე უნდა შევჩერდეთ. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, არ გვაძლევს "ფსიხეს" (ეკლესიურად სულის ორგვარ განმარტებას ვხვდებით - სამშვინველი და სული) დიფერენცირების ონტოლოგიურ (ონტოლოგია (ბერძ) - ყოფიერების მოძღვრება) საჭიროებას. სული, როგორც ასეთი, ფსიქიკის კონტექსტში განიხილება და მისი ორგანული და არაორგანული კრიზისების დეფინიციას გვთავაზობს. ფსიქოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიასა და მედიცინასთან.

განვითარების პირველ პერიოდში ფსიქოანალიზი მედიცინის განშტოება იყო, მისი მიზანი კი - იმ დაავადებათა სიმპტომების მკურნალობა, რომლებიც სომატურად ვლინდება და ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოგვიანებით საჭირო გახდა ენდოგენური (შინაგანი) და ეგზოგენური (გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული)დაავადებების მიღმა ფსიქოგენური პრობლემების უფრო სიღრმისეული შესწავლა. როგორც ერიხ ფრომი აღნიშნავს, ფროიდი პროფესიულმა გამოცდილებამ მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველა სიმპტომის მიღმა საჭიროა პაციენტის ხასიათის გაანალიზება და ორიენტირების შეცვლა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პიროვნების იმ სუბიექტურ განცდებზე, რომელიც მის შინაგან სამყაროს ქმნის და შეიძლება რესურსული ან ტოქსიკური აღმოჩნდეს ადამიანის ცხოვრებაში.

ამდენად, ფსიქოლოგიის მთავარი ამოცანაა ზემოთ აღნიშნული საკითხების სიღრმისეული კვლევა და სუბიექტის მიერ ობიექტურად, ტრანსპოზიციიდან დანახვაა. ფსიქოლოგი, ადამიანისთვის შეიძლება იყოს -"სარკე", "ყავარჯენი" და ა.შ. იტალიელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოსინთეზის დამფუძნებელი, რობერტო ასაჯოლი, მთავარ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ განვითარება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.

ყველამ უნდა შეძლოს იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი პიროვნება უნიკალურია: მისი აზრით, "იმისათვის, რომ მიზნის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ ადამიანს ჯერ მკაფიო ცნობიერება უნდა ჩამოუყალიბდეს მას, რომელიც განსაზღვრავს მის არჩევანს და გადაწყვეტილებებს" მისი თქმით, თუკი ადამიანს არ შეუძლია ჯანსაღად აღიქვას რეალობა, არ იცის როგორ გაუმკლავდეს შინაგან კონფლიქტს, მაშინ ის გარბის აწმყოდან და საკუთარ თავს უბიძგებს იმისკენ, რომ იცხოვროს მხოლოდ წარსულში, ან - მომავალში, ფანტაზიებში, ოცნებებში: "ყველაფერი გამომივა ოღონდ ხვალ."

ამიტომ მნიშვნელოვანია თერაპევტი პიროვნებას დაეხმაროს იმ საკითხების გაცნობიერებაში თუ სად არის, რატომ არის, როგორ არის, საით მიდის, რატომ მიდის და ა.შ. ფსიქოლოგის მოვალეობაა ადამიანს დაეხმაროს იმ სუბიექტური და ობიექტური სინამდვილის ინტეგრაციაში, რომელიც მისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის მატარებელია, მაგრამ აქვე გავამახვილებ ყურადღებას ფსიქოლოგის ეთიკურ ვალდებულებაზე, თუ რამდენად აქვს უფლება ჩაერიოს პაციენტის/კლიენტის ფასეულობით ნაწილში. ამაზე ცალსახა პასუხია - არა! პიროვნების ღირებულებითი ნაწილი მხოლოდ მას ეკუთვნის, მისი ნებისა და უფლების ინტიმური ნაწილია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგია სეკულარული მეცნიერებაა და ეს მას ეხმარება იმაში, რომ დარჩეს საკუთარ კალაპოტში. რადგან ფსიქოლოგიის პრეროგატივა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პრობლემების/სიმპტომების ირგვლივ მუშაობაა.

თუმცა, აღსანიშნავია იმ სადემარკაციო ხაზის მნიშვნელობა, სადაც მთავრდება ფსიქოლოგია და იწყება რელიგია. თუკი დავეყრდნობი თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანი რელიგიური არსებაა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რისკებზე, რომელიც ფსიქოლოგიისა და რელიგიის ჭრილში შეიძლება განვითარდეს. დეკანოზი ვასილ ზენკოვსკი, თავის ნაშრომში "აღზრდის პრობლემები ქრისტიანული ანთროპოლოგიის შუქზე" იყენებს ტერმინს - "რელიგიის სუროგატები," რაც იმ მრავალფეროვნებას გულისხმობს, რომელიც მეტაფიზიკური საგნების ძიებაში იჩენს თავს. (თილისმები, მაგია, სიზმრებზე წინასწარმეტყველური ხასიათის მინიჭება, კოსმიური ენერგეტიკის ძიება და ა.შ.).

რუსი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის აზრით, ყოველი გონიერი არსება მიდის იმ დასკვნამდე, რომ ის რაღაც უხილავსა და შეუცნობელზეა დამოკიდებული. მისი ეს მოსაზრება შეიძლება დარვინის თეორიის წინააღმდეგ განვავითაროთ და აღვნიშნოთ, რომ რელიგიურობა არის არა "სოციალური დაკვეთა," არამედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც თავის მხრივ ქმნის იმ მრავალფეროვნებას, რასაც მორალური ამორფიზმი ანუ სუბიექტურობა განაპირობებს. ფსიქოანალიზის დამფუძნებელი ზიგმუდ ფროიდი დიდ დროს უთმობდა ადამიანში არსებული რელიგიური განცდის კვლევას. მისი კონცეფციის მიხედვით, რელიგიურობა ისეთი იდეოლოგიის ნაყოფია, რომელიც კაცობრიობისათვის ერთგვარი "ოპიუმია" და მისივე აზრით ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ინფანტილიზმს წარმოადგენს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწე პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი, თავის სტატიაში "რელიგია და იდეოლოგია" მკაცრად გამოყოფს რელიგიას იდეოლოგიისაგან და მას მეტად ინტიმურ და ღრმა პროცესად წარმოაჩენს.

ამგვარად, რელიგიის ირგვლივ მსჯელობისას ორგვარ დეფინიცას ვხვდებით, როგორც "სოციალურ დაკვეთას", სადაც რელიგია, ზნეობრივი ნორმების დაცვას უზრუნველყოფს და ადამიანში არსებული ფესვი, რომელიც წმინდა მამათა განმარტებით ღმერთთან დაკარგული ურთიერთობის აღდგენას გულისხმობს, რაც სინერგიით (ადამიანისა და საღმრთო ნების თანხვედრით) ხორციელდება. "ღვთაებრივი მადლისა და ადამიანური თავისუფლების ერთდროულობა" (იხ. ვლადიმერ ლოსკი, მისტიკური ღვთისმეტყველება) ანუ ჭეშმარიტების ძიება მხოლოდ ღმერთთან კავშირით არის შესაძლებელი. ეკლესია კი, თავის მხრივ, ამ ურთიერთობას ანუ თეოზისის (ბერძ. - განღმრთობა) გზას ემსახურება, რითაც ადამიანს ცხონება შეუძლია.

რელიგიის კონტექსტში არც ენერგიების საკითხია უცხო. მისი განსაზღვრება ორგვარად გვხვდება - ფიზიკური და მეტაფიზიკური. ერთი მხრივ, ენერგიები ადამიანში იბადება მისი შინაგანი განწყობით, მაგ. დეპრესიული ან აპათიური ადამიანი საკუთარი აზრების ტყვეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ისე , რომ სულ დაკარგოს სურვილი რაიმეს კეთებისა (არ იგულისხმება ენდოგენური დაავადება) ანუ ენერგეტიკული ველი იბადება ადამიანის შინაგან მდგომარეობაში, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ენერგიის მეტაფიზიკურ ძიებას ვიწყებთ ეს უკვე რელიგიის სფეროა და მის სახელდებას ვხვდებით, როგორც საღმრთო ენერგიები, "კოსმოსური" ენერგიები, ასტრალური და ეთერული ზონა, აურა და ა. შ. ამდენად, თუკი ფსიქოთერაპიის პროცესში შემოვიყვანთ ზემოთ აღნიშნულ ტერმინებს ეს ცალსახად რელიგიური აქტია, რაც აუცილებლად საჭიროებს დაფიქრებას.

ამრიგად, ფსიქოლოგიას და რელიგიას თავისი ეგზისტენციალური საზრისი აქვს. ვერც ფსიქოლოგი გახდება მოძღვარი და ვერც მოძღვარი მოგვევლინება ფსიქოლოგის როლში. ფსიქო-ემოციური ბალანსი კი საკუთარი მდგომარეობის უკეთეს აღქმაში გვეხმარება, რაც ერთგვარი პრევენციაა ეკლესიურ ცხოვრების სწორად წარმართვაში.
წყარო:http://karibche.ambebi.ge/
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -1 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი -1 °C
img
ბაკურიანი 0 °C
img
ნინოწმინდა -3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2697
RUB
RUB
100
4.6355
TRY
TRY
1
0.5130
USD
USD
1
2.9633
AMD
AMD
1000
6.2163
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.