რელიგია
,,ქართული სიმღერა სული და გულია" - მამა ბასილი ზარზმის მონასტრიდან (ვიდეო)
უფლის მსახურების შემდეგ მამა ბასილისთვის პატარების მსახურება იწყება.
ზარზმის სკოლაში მუშაობის გამო შეცვლილ ცხოვრებას პატრიარქის კურთხევით უმკლავდება.

,,ენერგია გადაგაქვს ბავშვებზე და მათზე უფრო ზრუნავ მთელი დღის განმავლობაში. ბერს ათასი საზრუნავი აქვს. შინაგანი ლოცვა აუცილებელია და ეს რეჟიმი ირღვევა. ათასი საქმეა რაც ბერს უხარია. რისთვის მოვედით მონასტერში?".

ზარზმაში ქრისტიანი და მუსლიმი პატარები ერთმანეთის კულტურას სიმღერებით ეცნობიან.
პედაგოგობის შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობისა და სამშობლოს სიყვარულის გაკვეთილები იწყება.

,,აქ არიან რაჭველები და აჭარლები. ორივეს ძალიან კარგი ფოლკლორი აქვს. აქედან ვიწყებ - რაჭულ და აჭარულ სიმღერებს ვასმენინებ, ხალხურ სიმღერებს რათქმა უნდა და მერე გადავდივართ კლასიკურ მუსიკაზე. ერთად უკვე ეწყობიან ერთმანეთს და ხალხური სიმღერების ძალიან კარგი ნაზავი გამოდის ამ ბავშვების შესრულებით. ასე ერთობლივად მივიწევთ წინ".

მასწავლებლობის გამო მღვდელმონაზვნის ხუთი სამუშაო დღე ჩვეულებრივი ბერის ცხოვრებისგან განსხვავებულია.
ამ მუსიკით დაახლოვდნენ ეს ბავშვები და მათში არანაირი პრობლემა არ არის. ორივე ბავშვია და ორივე ქართველია. მერე რა რომ მუსლიმია, ამას არანაირი მნიშვნელობა

,,არ აქვს ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. ყველანაირად, მთელ სულს და გულს ვდებ იმაში, რომ სხვა რამეც შევასწავლო, გარდა მუსიკისა.
ცხოვრების შეცვლილმა წესმა მხოლოდ ერთი - უფლისა და მუსიკის სიყვარული ვერ შეცვალა".


საყვარელი კომპოზიტორი მოცარტია, ქართველებიდან ზაქარია ფალიაშვილსა და რევაზ ლაღიძეს გამოარჩევს.

,,ჩემთვის მუსიკა გამოხატავს ქართულ სულს და გულს. გული არის საქართველო და სული - ღმერთთან ურთიერთობაა. უფალმა ღმერთმა მომცა ამის ნიჭი და თითქმის ყველაფერია. სიმღერის და გალობის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია. თავიდანვე კლასიკური მუსიკით ვიზრდებოდი და მერე შევისწავლე ჯაზი. ხალხურ სიმღერას ნელ-ნელა პირველი კლასიდან დავეწაფე. ეს არის ჩემი ცხოვრება - სიმღერა და გალობა".

ერთი სურვილი უკვე შეუსრულდა, ახლა მეორეს სთხოვს უფალს.
,,ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ იმისათვის, რომ ხალხური სიმღერები ჩავწეროთ. სხვადასხვა კუთხის 15-მდე ხალხურ სიმღერას ავარჩევთ და იმედია ჩავწერთ".
| Print |