რელიგია
რა უნდა ვიცოდეთ წყალკურთხევის დღესასწაულის შესახებ
ნათლისღებას ყველა ოჯახი ნაკურთხი წყლის შემოტანით აღნიშნავს. ამ დღეს ნათლიებისა და ნათლულების შეხვედრა - მოკითხვაც ტრადიციული რიტუალია. ყველამ არ იცის, როგორ უნდა მოიხმაროს სახლში ნაკურთხი წყალი - შეიძლება თუ არა მისი დალევა, საკვებში გამოყენება და რა ვუყოთ შარშანდელ წყალს, რომლის გამოყენებაც ვერ მოვასწარით.

სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად სულს განბანს.

ნათლისღების წინ ეკლესიებში წყალი იკურთხება. სწორედ ამიტომ, მღვდელმსახურების თქმით, კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით. 

დილაობით აუცილებელია ნაკურთხი წყალი სეფისკვერთან ერთად მივაღებინოთ ბავშვებს, სანამ ვატრაპეზებთ. მოზრდილებმაც ლოცვის შემდეგ ასე უნდა განაწესოთ ჩვენი დღიური განრიგი. მთელს სახლს კი ნაკურთხი წყალი ვასხუროთ, საწოლსაც. რაღა თქმა უნდა დიდი ტერიტორია თუ არ არის, თუ დიდია, ოთხივე კუთხეს ვასხურებთ.

ნათლისღების წინ უძღვის წყალკურთხევის დღესასწაული, რომელიც ერთდღიანი მარხვით აღინიშნება.
| Print |