რელიგია
მუსლიმმა თემმა მეჩეთში კოლექტიური ლოცვები დროებით შეაჩერა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს, 19 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვები დროებით აღარ ჩატარდეს. ამ საკითხზე ბათუმის ოფისში შეკრებილმა სასულიერო პირებმა იმსჯელეს. აკრძალვის მიზანი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა.

„მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ შემთხვევაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს პარასკევის ლოცვის ვალდებულება არ ეკისრება. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება. მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის“, - წერია მუსლიმთა სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |