რელიგია
საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია - წმ.სინოდი
წმინდა სინოდის სხდომა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გახსნა. ილია II -მ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა.

,,ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება" - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

სხდომაზე,  კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სინოდს სხვადასხვა ტექსტები წარუდგინეს. ტექსტების მოსმენის შემდეგ წმ. სინოდმა განაჩინა:

,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.

ეკლესიის ყველა საიდუმლოება სული წმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განაღმრთობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი.

ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი; ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან; წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება.

ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, - მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, - ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.

2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა.

3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.

4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს - ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ამ შემთხვევაში სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.

5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.

წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.

არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.

6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.

7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.

ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია.

ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, - ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს"
- წერია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წმ. სინოდის ოქმში.

| Print |