რელიგია
ტაძარშიც არის ვირუსის საშიშროება, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვემთხვევა ზიარების დროს - მეუფე თეოდორე
მორწმუნეებმა ხარების დღესასწაული ახალციხეში მოქმედ ორივე ეკლესიაში აღნიშნეს. საზეიმო წირვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში კი დეკანოზმა ნიკოლოზ აბრამაშვილმა.

მრევლი ორივე ტაძრის ეზოში, ორმეტრიანი დისტანციით, მონიშნულ ადგილებზე იდგა. რამდენიმე დღეა წირვა მხოლოდ ეკლესიის ეზოში ტარდება. მორწმუნეები დღეს ტრადიციული წესით - ერთი ბარძიმიდან და კოვზიდან ეზიარნენ.

წირვის დასრულების შემდეგ ქორეპისკოპოსმა თეოდორემ ქადაგებისას მრევლს სიფრთხილისკენ და წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გვესმის სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ უნდა დაიკეტოს ეკლესია. რას ნიშნავს ეს? ანუ აღარ ვილოცოთ და მხოლოდ ადამიანურ ძალაზე ვიყოთ დამოკიდებული და ამას მივენდოთ? ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გადაგვარჩინოს. ამასთან ერთად, არ უნდა დავაკლოთ ადამიანური მცდელობა, მაქსიმალური გავაკეთოთ რომ არ გავრცელდეს ეს ვირუსი.

ხშირად არის მცდარი დამოკიდებულება, რომ თუ ჩვენ ეკლესიაში მოვალთ, აქ შეიძლება დავაავადდეთ. არის მეორე მცდარი დამოკიდებულებაც, რომ თუ ეკლესიაში დავდივართ, არაფერი მოგვეკარება. ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს ვირუსი, თუ ღმერთმა დაუშვა. ამიტომ ეკლესიაში მოსვლისას უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ და ექიმები გაძლევთ. აქაც არის საშიშროება, იმისთვის არ დავდივართ აქ, რომ არაფერი შეგვემთხვევა, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვემთხვევა სიწმინდესთან ზიარების დროს, რადგან ეს არის თავად ქრისტეს სისხლი და ხორცი“,
- აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

| Print |