რელიგია
ასეთ უკიდურესად მძიმე ვითარებაში სახლში დარჩენა და ლოცვა არ ჩაგეთვლებათ ცოდვაში, არც მითუმეტეს "ღალატში" - ვანის ქვაბები
ასეთ უკიდურესად მძიმე ვითარებაში სახლში დარჩენა და ლოცვა არ ჩაგეთვლებათ ცოდვაში, არც მითუმეტეს "ღალატში" - წერია ვანის ქვაბების სახელით დარეგისტრირებული მონასტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

tv9news.ge განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ.

,,მრევლის საყურადღებოდ!

ჩემო ძვირფასებო! დედაეკლესიის სულიერო შვილებო!

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ამ უძველეს მონასტერში აღვლენილი ღამისთევის წირვა და ლოცვა, გვახსოვს სიყვარულის და სიხარულის წუთები და საათები, ღია ცის ქვეშ უკიდურეს სიცივეში მოთმინებით დგომა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დიდი განსაცდელი მოგვივლინა, რამაც სრულიად შეცვალა უკლებლივ ყველა ადამიანის დღის წესრიგი და რიტმი, შემოიტანა მთელი რიგი აკრძალვები და რეკომენდაციები.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ჩვენ, ეკლესიურად მცხოვრები ქრისტიანები ვალდებულნი ვართ ვიყოთ კანონმორჩილი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა! გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რასაც გვირჩევენ ჩვენი თავდადებული ექიმები, არ დავაყენოთ რისკის ქვეშ, როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვა ადამიანები!

მონასტერში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ღამისთევით, როგორც მონასტერს შეეფერება! მინდა მოკრძალებულად გთხოვოთ შემდეგი: თუ თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილება არ არის, თავი შეიკავოთ უკიდურესი ქმედებებისგან, რადგან დატვირთვა იქნება ძალიან რთული.

იმისათვის, რომ კანონი არ დაარღვიოთ, მოგიწევთ მინიმუმ 9 საათი სიცივეში დგომა, ვინაიდან სატრაპეზოში შესვლას და იქ მოსვენებას ვერ შეძლებთ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე ვითარებაში სახლში დარჩენა და ლოცვა არ ჩაგეთვლებათ ცოდვაში, არც მითუმეტეს "ღალატში".

ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ აღდგომას დაგასწროთ ჯანმრთელები და გახარებულები.  მჯერა და მწამს ეს განსაცდელი ღვთის წყალობით მალე გადაივლის და ისევ ფიზიკურადაც ერთობით განვადიდებთ უფალს!"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |