რელიგია
დღეს კვირაცხოვლობა – აღდგომის დღესასწაულის განახლება აღინიშნება
ქრისტიანული სამყარო დღეს, 26 აპრილს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღეს თომას კვირაც ეწოდება.

წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა რომ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.”

იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელსაც მორწმუნეები განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ასპინძის სოფელ საროში. კვირაცხოვლობა სოფლის მთავარი დღესასწაულია. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, წელს პირველად სოფლის დღესასწაული არ აღინიშნა.
| Print |