რელიგია
მუსლიმებმა რამადან-ბაირამი ორთვიანი პაუზის შემდეგ, მეჩეთში ლოცვით აღნიშნეს

 

დღეს, 24 მაისს მუსლიმები 30-დღიანი მარხვის დასრულებას აღნიშნავენ. რამადან ბაირამი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან, ტკბილეულს ამზადებენ და მოწყალებას გასცემენ.

სამცხე-ჯავახეთის მუფთის მამუკა ვაშაყმაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრისას გადაწყდა, რომ მეჩეთებში სადღესასწაულო ლოცვა ჩატარდებოდა. მორწმუნეებმა თარიღი ტრადიციული ნამაზით აღნიშნეს სოფელ მოხეს მეჩეთში.

„ეს თვე, მარხვის პერიოდი სახლში გავატარეთ. დღეს დილით, ადრე დისტანციის დაცვით, პირბადეებით ვიყავით ნამაზზე მეჩეთში. მანამდე დეზინფექცია გვქონდა ჩატარებული. ამიერიდან ასე გაგრძელდება, ორი თვეა მეჩეთში ლოცვები აღარ ტარდება. ლოცვის შემდეგ საფლავებზე გავდივართ“, - გვითხრა მამუკა ვაშაყმაძემ.

გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

რამადანი 24 აპრილს დაიწყო. 30 დღე მორწმუნეთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩეოდა. რამადანის თვეში მორწმუნეები დაბინდებამდე არ ჭამენ და არ სვამენ, არ ეწევიან თამბაქოს, ღამით კი მსუბუქად ვახშმობენ და ვიდრე გათენდება, მანამდე საუზმობენ. მუსლიმები დღის საათებს უთმობენ შრომას, ლოცვას, ყურანის კითხვას და ქველმოქმედებას. ეს წესი ყველა მუსლიმმა უნდა დაიცვას, თუკი საგანგებო ვითარებაში არ იმყოფება. მარხვისგან გათავისუფლებული არიან ავადმყოფები, ბავშვები, მოგზაურები.

 

| Print |