რელიგია
7 ივნისს, ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე აღინიშნება
7 ივნისს, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც. ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება.

ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს­ სწირავდნენ. კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ: ქალაქგარეთ ტალავრებს აწყობდნენ - ტოტებისგან დაწნულ კარვებს დგამდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კარავში ცხოვრობდნენ და ამით იხსენებდნენ სინას მთის ძირში ცხოვრებას, სადაც უფალმა 10 მცნება მისცა მოსეს. 

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები­ ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს.

სულთმოფენობა – ეს ტერმინი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში შემოვიდა საქართველოში, უფრო ადრე ამ დღესასწაულს ერქვა „მარტირია“, რაც ნიშნავს დამოწმებას, მოწმობას. ეს არის ეკლესიის დაბადების დღე, ანუ ამ დღეს დაარსდა ახალი აღთქმის ქრისტიანული დედაეკლესია.

აღდგომიდან 50-ე დღეს, კვირას, მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძარში ყვავილები უნდა აკურთხოთ და შინ წაიღოთ. შაბათი კი მიცვალებულთა დღეა, სულთაობა და მასაც სათანადო აღნიშვნა სჭირდება.
| Print |