რელიგია
წმ.ნინოს გზის მომლოცველები წირვას რაბათის ტაძარში დაესწრნენ
წმ. ნინოს გზის მომლოცველთა ჯგუფი სადღესასწულო წირვას რაბათში, წმ.მარინეს სახელობის ტაძარში დაესწრო. 20-მდე ადამიანმა მსვლელობა 1-ლ ივნისს, ფოკის დედათა მონასტრიდან ნინოობის აღნიშვნის შემდეგ დაიწყო.

შაბათს პოლიგრიმებმა საფარის მონასტერი მოილოცეს, ხოლო კვირას ჭელას, მოხეს, ზარზმასა და აბასთუმანს მოივლიან. ეპარქიას მომლოცველთა ჯგუფი 22 ივნისს დატოვებს და წმ.ნინოს გავლილ გზას სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის შემდეგ დაასრულებს.

წმ.ნინოს გზის მომლოცველთა ჯგუფი პირველად 1989 წელს, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ტრადიციად იქცა. 31-ე წელია, ამ გზას ყოველწლიურად გადიან სასულიერო და საერო ადამიანები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

2019 წელს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წმ.ნინოს გზის მომლოცველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეუერთდნენ, მათ შორის აფრიკიდან.

საიუბილეო მსვლელობაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილს, წელს წმ.ნინოს გზა არ გაუვლია, თუმცა სადღესასწაულო წირვას კვლავ ფოკაში დაესწრო. 

პირველ ივნისს, ფოკაში, 10:00 საათზე ღია ცის ქვეშ წირვა აღევლინება, რის შემდეგაც სასულიერო პირები მორწმუნეებს ლოცავენ და 42-დღიანი ფეხით მსვლელობა იწყება. მრევლი წმინდა ნინოს გზას გადის.

მსვლელობა 12 ივლისს, მცხეთაში სრულდება.

| Print |