რელიგია
7 ივლისს იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეა
7 ივლისს მართმადიდებლური ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა ვანის ქვაბებში აღავლინა. წირვას სასულიერო პირებთან ერთად მრევლი ესწრებოდა.

როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები – მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძრწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.

იოანე ნათლისმცემლის შობიდან მერვე დღეს ჩვილი, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „ეწოდოს მაგას იოვანე. ყველა გაოცდა, რადგან ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა.

მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკჳრდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო. 

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას.

ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

7 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია ასევე იხსენებს წმიდა მოწამე შვიდ ძმას – ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინი, კვირიკე და ლონგინოზი.
| Print |