რელიგია
"ცხოვრებაში ვიყოთ ქრისტიანები და არა მხოლოდ  დასანახად" - მეუფე თეოდორე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა დღეს, 6 სექტემბერს წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ახლადგახსნილ ტაძარში აღავლინა. მეუფე თეოდორემ ქადაგებისას ყურადღება ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე გაამახვილა და განმარტა, რომ მთავარია საქმით ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები.

"არასდროს არ უნდა დამშვიდდეს ადამიანი და თქვას, რომ აი, მე ღვთის მადლით ჭეშმარიტი სარწმუნოება მაქვს და ვაკეთებ ყველაფერს რწმენისთვის და მე მეტი არაფერი მჭირდება. რათქმაუნდა, ვერ დავმშვიდდებით და ვერ დავწყნარდებით ვერასდროს. ყოველთვის უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. უფრო მეტი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კეთილი ნაყოფი გამოვიღოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. ჩვენი ცხოვრება სათნო იყოს უფლისათვის. მთელი ჩვენი სარწმუნოება, ზიარება, ტაძარში სიარული,  მიმართული უნდა იყოს იმისაკენ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ქრისტიანული. ცხოვრებაში ვიყოთ ქრისტიანები და არა მხოლოდ  დასანახად. საქმეში ვიყოთ ქრისტიანები. შევთხოვოთ უფალს, რომ თითოეულ ჩვენგანს მოგვცეს იმის ნება, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რათა ღვთისთვის სათნო ნაყოფი გამოვიღოთ"
- აღნიშნა ეპარქიის წინამძღვარმა ქადაგებისას.

მეუფე თეოდორემ ორ სასულიერო პირს მღვდლად და დიაკვნად კურთხევა მიულოცა და უფლის წიაღში  ღირსეული მსახურება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 სექტემბერს, ეპარქიის მღვდელმთავარმა, მამა გიორგი ცინცაძე - მღვდლად, ხოლო თამაზ ლონდარიძე დიაკვნად აკურთხა, რომელიც დღეიდან მამა ანდრიად იწოდება.


| Print |