რელიგია
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი კოვიდინფიცირებულია
კოვიდ 19-თან დაკავშირებით ჩემი პირადი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ - ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ასე ამცნობს საზოგადოებას, რომ იგი კოვიდინფიცირებულია. მეუფის თქმით, ამ დრომდე მის ორგანიზმში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ კორონავირუსი თავდაპირველად სტიქაროსანს, შემდეგ კი ტაძრის მოძღვარს დაუდასტურდა. რამდენიმე დღეში ვირუსის სიმპტომები თავადაც გამოუვლინდა. ანალიზის აღების შემდეგ ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი დააფიქსირა.

მიტროპოლიტი ვიდეო–მიმართვაში კოვიდ 19–ის იმ სიმპტომების შესახებ ჰყვება, რაც მის შემთხვევაში გამოვლინდა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ ადამიანს თანმდევი დაავადებები არ აქვს, ვირუსი საშიში არ არის.

"ჩვენ არ ვთვლით, სასულიერო პირები, რომ ჩვენ არ დაგვემართება. ჩვენ, ერთადერთი რასაც ვთვლით, რომ წირვის დროს და ზიარების დროს, წარმოუდგენელია იმის ფიქრი, რომ ეს ვინმეს გადაედება. მე გადამედო, ოღონდ წირვის დროს არა. ჩვეულებრივი ყოფის დროს. ეს ჩემს მსახურებას არ ეხება სრულებით" – აცხადებს მეუე ნიკოლოზი.

მიტროპოლიტი ამ დროისთვის ახალქალაქში, წმინდა სამების მონასტერში იმყოფება და მკურნალობის კურსს ადგილზე გადის.

| Print |