მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობას ღამისთევის მსახურებით შეხვდნენ ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში. სადღესასწაულო წირვა ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა. მამა დავითმა მრევლს მარიამობის მნიშვნელობაზე უქადაგა.
„ღვთისმშობელი განსაკუთრებული მეოხია ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისა“ – აღნიშნა წინამძღვარმა. მან მრევლს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უფლისადმი განსაკუთრებული რწმენისკენ მოუწოდა.
საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა. სამი დღის შემდეგ, მისი სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იესოს მოწაფეებმა გეთსამანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ყოვლადწმინდა მარიამის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება – უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. ღვთისმშობლის მიძინების დღეს წინ მარიამობის მარხვა უძღვის, რომელიც 14 აგვისტოს იწყება. წელს დღესასწაული პარასკევს დაემთხვა, ამიტომ მარხვა მორწმუნეებისთვის მხოლოდ თევზით გახსნილდა.
|