რელიგია
COVID 19-ისგან განკურნებულმა მეუფე ნიკოლოზმა რესპუბლიკური საავადმყოფო აკურთხა
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსისგან განიკურნა. მეუფემ ამის შესახებ საზოგადოებას საკუთარი იუთუბ–გვერდის მეშვეობით ამცნო. მიტროპოლიტის თქმით, მან გამოკვლევა ე. წ. "სწრაფი ტესტით" ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

"ჩემი ავადმყოფობა, სავარაუდოდ, დამთავრდა. ჯერ ზუსტი პასუხი არ მაქვს. სწრაფი ტესტი გავიკეთე და უკვე თავისუფალი ვარ ამ ვირუსისაგან"
– აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

დღესვე მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება აკურთხა, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

"გადაწყვეტილი მქონდა და ვასრულებ ამ გადაწყვეტილებას, რომ მოვსულიყავი აქ და მინდა რომ ვაკურთხო ეს საავადმყოფო. ჩემთან არის ასევე მამა ავთანდილი (მჭედლიშვილი). ჩვენ გადავიტანეთ კორონავირუსი და მადლიერების ნიშნად გვინდა ვაკურთხოთ საავადმყოფო. ვაკურთხებთ და გავამხნევებთ ადამიანებს. იმედია, რომ ღვთის მადლით, გადავიტანთ ამ მძიმე შემოტევას" – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი კოვიდ 19–ით ოქტომბრის ბოლოს დაინფიცირდა. იგი ახალქალაქის წმინდა სამების მონასტერში იმყოფებოდა და მკურნალობის კურსს ადგილზე გადიოდა.

| Print |