მართლმადიდებლური სამყარო 19 აგვისტოს ფერისცვალებას აღნიშნავს. დღეს, როდესაც ქრისტიანული სწავლების მიხედვით, თაბორის მთაზე, იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. დღესასწაულთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინა. მღვდელმსახურმა მამა გიორგი ქურდაძემ მრევლს დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ უქადაგა.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ.“
ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მაცხოვრის ფერისცვალება თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ–ერთია. ამ დღეს ყველა მართლადიდებლურ ტაძარში წირვა აღევლინება. ლიტურგიის შემდეგ, ტრადიციულად, მოძღვარი მორწმუნეების მიერ მიტანილ ხილს აკურთხებს. დღესასწაული მარხვის დღეს ემთხვევა, ამიტომ პატრიარქის კურთხევით ფერისცვალება თევზით ხსნილია.
|