რელიგია
მთავარია, რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ - მეუფე ნიკოლოზი
„რეგულაციებს შესაბამისი უწყება ღებულობს. ის ძირითადად დამოუკიდებლად არ წყვეტს არაფერს, არამედ ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა. რამდენადაც ვიცი, დღეს მთელ მსოფლიოში, ძირითადად წამყვან ქვეყნებში, თუ არ ვცდები, 20 დეკემბრიდან „კომენდანტის საათი“ იქნება შემოღებული, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ.

მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ამას ვამბობ, ქრისტიანი, მოაზროვნე ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ არ გადასდოს სხვას ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა აქვს და არ იცის. ამითია ეს დაავადება მზაკვრული. შეიძლება ვირუსი გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ და ამ დროს, შესაძლოა სხვას გადასდო.

ამ წუთას არ მიკეთია პირბადე უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ ახლახანს გადავიტანე ვირუსი და ჯერჯერობით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები არ არის. ასეთი ფაქტები არის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები.

მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ. რეგულაციების გამო, რომ აღდგომის წირვა არ აღვასრულოთ, ეს არ არის სწორი. აღდგომის წირვა უნდა ჩატარდეს, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“
,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების უგულებელყოფა უკულტურობაა.

„როდესაც გარშემო ყველა ადამიანი პირბადით დადის, როდესაც ადამიანებს ეშინიათ, რა ქნან?! ჩვენც გვეშინია, არ გვინდა, რომ დაგვემართოს. ასეთ დროს, როდესაც რეგულაციებს არ იცავ, მგონი, ეს უბრალოდ უკულტურობაა“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან მისი თქმით, თუკი კორონავირუსი სასჯელია, ეს საკმარისი სასჯელი არ არის, მაგრამ ღმერთი ადამიანებს არ სჯის.

„თუ კორონავირუსი სასჯელია, მინდა გითხრათ, ჩვენი ცოდვების გამო, იოლად გამოვსულვართ“, -აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.
| Print |