რელიგია
"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს" - პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოკლე ლოცვა დაწერა, რომლის წაკითხვის კურთხევაც მრევლს ტაძარში, სახლსა თუ სამსახურში ეძლევა.

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის. ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულიწმინდასა. გამომიგზავნეთ მე. როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად“, - განაცხადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაწერილი ლოცვა მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა.

„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.


როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ლოცვა დღეიდან ტაძრებში იქნება.

„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ლოცვისა, ამინ. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, - განაცადა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
| Print |