რელიგია
საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

გავრცელებული პანდემიის გამო, 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში ღონისძიებები არ იგეგმება.

„მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |