რელიგია
7 იანვარს „ალილო" შეცვლილი ფორმით ჩატარდება
საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" შეცვლილი ფორმით ჩატარდება. კერძოდ, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას შობას მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს. 

ახალციხეში საშობაო ალილო ყოველწლიურად ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოანეს ინიციატივით ტარდებოდა. ქალაქის ქუჩებში მსვლელობა ეწყობოდა და მოძღვარი მოსახლეობას უფლის შობას ახარებდა. ამ დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაწირი გაეღოთ. შეგროვებული პროდუქტი და ტანსაცმელი ყოველწლიურად ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გადაეცემოდა. 

ახალციხის შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ გიორგი ქურდაძის განმარტებით, 6 იანვარს, საღამოს ლოცვა ტაძარში - 16:00 საათზე, ხოლო ღამის 12:00 საათზე სადღესასწაულო წირვა დაიწყება, რომელსაც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს. 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საშობაო ალილოს დროს მოქალაქეებს შესაწირის გაღება ისევ შეეძლება.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.

წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები...

საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II",
-აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენეთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 იანვარს, ღამის საათებში, გამონაკლისის სახით, გადაადგილების შეზღუდვა იხსნება.

| Print |