რელიგია
"შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია" - დღესასწაულის განმარტება პატრიარქის ეპისტოლეში
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ეპისტოლეში განმარტებულია შობის დღესასწაულის მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხზე, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია.

"უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.

ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.

საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.

ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.

მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!

როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?

მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.

ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.

განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.

რა იყო ამის მიზეზი?

პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.

უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.

და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?

მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ...

ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.

დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანო!

შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ"
- ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
| Print |