რელიგია
საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“ - საშობაო ეპისტოლე
საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ძირითადად დღესასწაულის მნიშვნელობაა განმარტებული. მასში ყურადრება გამახვილებულია კორონავირუსის პანდემიაზე და რეგულაციებზე, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც. პატრიარქი ერს სინანულისკენ და საკუთარ თავში უფლის მოძიებისკენ მოუწოდებს.

"მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.

შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.

როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, - ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“.

თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.

ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.

„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) - ბრძანებს სახარება.

ეს არის უმთავრესი, - საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.

ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.

ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.

ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას"
- ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.


| Print |