რელიგია
19 იანვარს, მართლმადიდებლები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ
მართლმადიდებელური ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. დღესასწაული აღინიშნება ახალციხეშიც.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მდინარეზე ნათლობის რიტუალი აღარ ჩატარდება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის განცხადებით, სოფელ მინაძეში მტკვარი ტრადიციულად იკურთხება, თუმცა მასში შესვლა მხოლოდ განბანვის მსურველებს შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება მეუფე თეოდორემ ხალხმრავლობის თავიდან აცილებისა და ჯანდაცვის რეგულაციების დაცვის გამო მიიღო.

საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე დაწესდა ნათლობა.

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
| Print |
თეგები: ნათლისღება /