რელიგია
"კომენდანტის საათის" გამო, „სურბ სარქისის“ რიტუალის ჩატარების დრო შეიცვალა
დღეს, 29იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია, ხუთდღიანი მარხვის შემდეგ „სურბ სარქისობის“ რიტუალს შეასრულებს. “კომენდანტის საათის” გამო, წელს, სადღესასწაულო წირვა 17:00 საათზე დაიწყება. პანდემიამდე რიტუალი 18:00 ან 19:00 საათზე იწყებოდა.

ჩვენ 17:00 საათზე გადავიტანეთ წირვა და ქადაგება, რომ კომენდანტის საათის დადგომამდე მრევლმა წირვაზე დასწრება, მარილიანი კვერების მიღება და სოფელ საძელში ასვლა მოასწროს“, - განმარტა ახალციხისა და მიმდებარე სოფლების სომხური ეკლესიების მოძღვარმა თორგომ ვართანიანმა.

„სურბ სარქისობა” რელიგიური და სახალხო დღესასწაულია, რომელიც მოძრავია და თითქმის ყოველ წელს, თებერვალში აღინიშნება, თუმცა წელს უფრო ადრე, იანვრის დასასრულს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება. დღესასწაული განსაკუთრებულად სოფელ საძელის ეკლესიაში აღინიშნება, სადაც ახლგაზრდები ახალციხიდან ფეხით მიდიან. 

ხალხში დამკვიდრებული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც წმინდა სარქისს სიყვარულის მფარველად მიიჩნევენ, ლეგენდას უკავშირდება. მამა თორგომ ვართანიანი ამბობს, მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ხალხში ტრადიციების წაშლა რთულია.

| Print |