რელიგია
დიდი მარხვის წინ ადამიანებმა კიდევ მეტად უნდა გავისუფთაოთ სინდისი - მეუფე თეოდორე
დღეს, 14 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების დღეს აღნიშნავს.

სადღესასწაულო წირვა ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიტროპოლიტმა თეოდორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს მარხვის დაწყებისკენ, ურთიერთშენდობისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.

დღესვე საქართველოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შენდობის წესს სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, თუმცა იქამდე ჩვეულებრივ, საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრება.

ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

წელს დიდმარხვა 15 მარტს იწყება და 2 მაისს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულით სრულდება.
| Print |