რელიგია
როგორ უნდა მოვიქცეთ დიდი მარხვის პირველ კვირაში?
დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.

რა ლოცვები იკითხება მძიმე კვირაში ტაძრებში?


დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტაძრებში ანდრია კრიტელის კანონი იკითხება, რომელშიც ძველი და ახალი აღთქმის ისტორიაა მოთხრობილი. დიდი და მცირე სერობის ჟამნები, შუაღამის და ცისკრის ჟამნები, III, VI, IX ჟამნი და სადილის ჟამნი. ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება ლიტურღია პირველშეწირულისა.

რა ლოცვები უნდა წაიკითხოს მორწმუნემ სახლში?

სახლში ჩვეულებისამებრ, უნდა წაიკითხოს დილა-საღამოს ლოცვები, რომელსაც მოყვება ეფრემ ასურის ლოცვები. ეფრემ ასურის ლოცვები წყდება პარასკევ საღამოს და ახლდება კვირა საღამოდან. ასეა მთელი მარხვის განმავლობაში, ვნების კვირეულის ოთხშაბათამდე. მთელი მარხვის განმავლობაში არ იკითხება დაუჯდომლები, გარდა შაბათ-კვირისა. შაბათს –ღვთისმშობლის, ხოლო კვირას – მაცხოვრის. სახარება იკითხება მხოლოდ იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მითითებულია საეკლესიო კალენდარში. რაც შეეხება ფსალმუნებს, იგი შეიძლება იქნას წაკითხული მთელი მარხვის განმავლობაში, გარდა ვნების შვიდეულის პარასკევიდან, ბრწყინვალე შვიდეულის ჩათვლით.

როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები რომლებსაც მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ?

ვისაც ხორციელი მარხვა არ შეუძლია. ძირითადად ესენი არიან სნეულები და ღრმად მოხუცებული ადამიანები. სნეულებით ან სიბერით გათანგული ადამიანი, ცარიელია ვნებებისა და ცუდი აზრებისაგან, აქედან გამომდინარე, მას არ სჭირდება საკვებით მარხვა. არ სჭირდებათ ხორციელი მარხვა ასევე მიდგომილ (ფეხმძიმე) ქალებს. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

ლოცვები

რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს "უფალო და მეუფეო..." ოთხი სრული მეტანიით და 12 მცირე მეტანიით.

ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ტაძრებში იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი. სასურველია ამ ლოცვებზე ტაძარში დასწრება, თუმცა თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად წაიკითხოთ შესაბამისი დღის ლოცვა.

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ;

თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბათსა და კვირას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთწოდებული წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.

ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ქრისტიანებიდან ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პირველ კვირაში ჭამს დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს. უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი. შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება. ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.

კონკრეტულად კი მარხვის სიმძიმისა და ლოცვითი კანონის შესახებ კურთხევა თქვენი მოძღვრისგან უნდა აიღოთ.
| Print |