სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლის ცენტრში ღონისძიება მოეწყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე იზეიმეს. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგია, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სპეციალურად ამ დღისათვის უდეს, რუმინეთიდან, ანთიმოზ ივერიელის მიერ დაარსებული ტაძრის მღვდელმსახური ეწვია.
სოფელ უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე, რუმენითის საელჩოს ინიციატივით, უკვე მეათე წელია აღინიშნება. სწორედ რუმინეთში მოძიებული ცნობებთ დადგინდა, რომ ანთიმოზ ივერიელი სოფელ უდის მკვიდრი იყო. ამიტომ, ადგილობრივებისათვის დღესასწაული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
გარდა საღვთო ლიტურგიისა, დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ უდის ცენტრში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, სპორტული აქტივობები და ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სტუმრებს, ასევე, შეეძლოთ მესხური ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც. სახალხო დღესასწაულს ორგანიზება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია, ამისათვის კი ბიუჯეტიდან 3 500 ლარი დაიხარჯა.
საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინეპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. იქ ანთიმოზ ივერიელმა მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. მისი ღვაწლი დიდია ქართული სტამბის დაარსებაშიც. იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა, რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა. ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.
|