რელიგია
კათოლიკე ეკლესიამ დემეტრე თბილელის წამების დღე გაიხსენა
დღეს, 9 აპრილს, 700 წელი შესრულდა, რაც ქართველი კათოლიკე, ფრანცისკანელთა ორდენის ბერი, დემეტრე თბილელი ინდოეთში აწამეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, კათოლიკე ეკლესიამ თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში ლიტურგია აღავლინა. საგანგებოდ ამ დღისთვის, კათედრალური ტაძრის მთავარ კედელზე მოხატულ წმინდანთა გამოსახულებებს, მოწამე დემეტრეს გამოსახულებაც შეემატა.

დემეტრე თბილელი პირველი მოწამეა ფრანსიცკანელთა ორდენიდან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ საქრისტიანოში. ქრისტიანობის დაცვის გამო, იგი ინდოეთში 1321 წლის 9 აპრილს აწამეს, მახვილით გაუნგმირეს მკერდი და თავი მოჰკვეთეს.

დემეტრე თბილელთან ერთად, აწამეს კიდევ სამი იტალიელი, ფრანცისკანელთა ორდენის ბერები, რომელთა სახელებიც იტალიამ კარგად შემოინახა, ხოლო დემეტრეს მოწამეობის შესახებ საქართველოში საზოგადოებისათვის ამ დრომდე უცნობი იყო. ქართველი მოწამის შესახებ ცნობების მოგროვება დაიწყო ქუთაისში მოღვაწე სასულიერო პირმა, მამა გაბრიელე ბრაგანტინმა.

დღესვე, ქართველმა კათოლიკე მრევლმა რომის პაპს წერილით მიმართა, სადაც ითხოვენ რომ დაიძრას საკითხი მოწამის ნეტარად აღიარებისა.

კიდევ ერთი წერილი გაიგზავნა ქალაქ თბილისის მერისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელზე, სადაც მორწმუნეები ითხოვენ დედაქალაქის ერთ–ერთ ქუჩს ძმა დემეტრეს სახელი მიენიჭოს.

ცნობილია, რომ დემეტრე თბილელი წარმოშობით თბილისელი იყო. იგი კარგად ფლობდა აღმოსავლურ ენებს. სავარაუდოდ, მან სასულიერო გზა მას შემდეგ აირჩია, როცა 1233 წლიდან თბილისში ფრანცისკელი მისიონერები შემოვიდნენ. დემეტრე ტაბრიზში გადავიდა, რათა მონასტერში ესწავლა.

1320 წელს, დემეტრე თბილელი სამ ფრანცისკანელ მისიონერთან ერთად მონღოლთა იმპერიის დედაქალაქ ხან–ბალიკში მიემგზავრება. თუმცა, გაუგებარ მიზეზთა გამო, მათი გემი თანაში, სელსეტეს კუნძულზე (დღევანდელი თანა, მუმბაის რეგიონი) გაჩერდა. ეს ქალაქი სამი წლით ადრე, დელის სულთანმა დაიპყრო. აქ ისინი გაჩერდნენ ერთ ნესტორელ ოჯახში, ჩინეთისაკენ მიმავალი გემის მოლოდინში. მასპინძელმა ქალმა, ქმართან უთანხმოების გამო, მოწმეებად მოუხმო მათ მუსლიმი სასულიერო მსაჯულის, ყადის წინაშე. მან ჯერ ინება, შეჰკითხვოდა ბერებს ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების შესახებ, შემდეგ გამოსაწვევად ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი მუჰამედზე.

ყველას სახელით პასუხი გასცა ტომაზომ და განაცხადა, რომ მუჰამედის გზა დაღუპვის გზა იყო, ამ პასუხმა კი განსაზღვრა მისი და მის მეგზურთა სასიკვდილო განაჩენი.

იაკოპო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო, ორგზის აწამეს ცეცხლით, რასაც ორივეჯერ უვნებელი გადაურჩა; შემდეგ ტომაზოსა და დემეტრესთან ერთად აღესრულა მახვილით, 1321 წლის 9 აპრილს, კალვაში, ზღვის ვიწრო ყურის მიღმა.

პიეტრო, რომელიც სახლში იყო მათი ნივთების დარაჯად, მოკლეს ორი დღის შემდეგ.

წირვის ფოტოებს და ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალი catholic.ge ავრცელებს.
| Print |