რელიგია
ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველზე
სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს იგი ამჯერად, სახალხო დამცველს უპირისპირდება.
სასულიერო პირი იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის წარმომადგენელი საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

"მოსულები იყვნენ იქ [ნინოწმინდის პანსიონში] სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ შეუშვან იქ. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ და ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი უფლის წინაშე და მე ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს", - ამბობს მეუფე სპირიდონი.

როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს, სახალხო დამცველის უწყებამ მას ცილი დასწამა. მისი თქმით, პანსიონში "ჯანდაცვის ხალხსა" და სოცმუშაკებსაც უპრობლემოდ უშვებენ. ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა.
| Print |