რელიგია
სასულიერო პირთა ნაწილი გამოირჩევა ამბოხის სულისკვეთებით - საპატრიარქო
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით,

,,მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა
"- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარს, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებას ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს.

სალხინოს მონასტრის უკვე გადაყენებული წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა კი აღდგომამდე მონასტრის დაკეტვას აანონსებს. მისი თქმით, ეს მცირე ხნით მაინც დაპირისპირების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. მამა დანიელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 21 აპრილს, ტაძარში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მეუფე სტეფანე კი მამა დანიელს მოუნანებლობის შემთხვევაში განკვეთით ემუქრება.
| Print |