რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას ზეიმობს
25 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს, მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას უწოდებენ. სადღესასწაულო წირვა მოქმედ ტაძრებში აღევლინა. მრევლი ლოცვას კოვიდ19-ის გამო დაწესებული რეგულაციის დაცვით ესწრება.

ეს გახლავთ თორმეტიდან პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და დალიოთ ცოტაოდენი ღვინო.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.

სახარების მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს.

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.
| Print |