რელიგია
,,არც მწვადი დაიწვას და არც შამფური" - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის განცხადებით, აღდგომის ღამეს რეგულაციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ეხება იმას, რომ ,,არც მწვადი დაიწვას და არც შამფური".

,,მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები და მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ხალხის ინტერესი, რადგან ბევრი ადამიანია, ვისაც მოსვლის სურვილი აქვს" - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

კითხვაზე, კონკრეტულად, რას ეხება მოლაპარაკებები, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს -,,ეხება იმას, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ანუ არც ეპიდემია გავამძვინვაროთ და არც ადამიანები ჩავაგდოთ სასოწარკვეთილებაში".

კომენდანტის საათის ერთი ღამით მოხსნა მოითხოვა როგორც კათოლიკურმა და სომხურმა, ასევე აზერბაიჯანულმა თემმაც, რომელმაც 21 მარტს "ნოვრუზის“ დღესასწაული აღნიშნა. მორწმუნეებს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. 2020 წლის სააღდგომო წირვა მართლმადიდებლებისთვისაც, ასევე კომენდანტის საათის დროს ჩატარდა.
| Print |