რელიგია
დიდი ხუთშაბათი - დღე, როდესაც ზიარება დაწესდა
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება. ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა ქრისტიანი ცდილობს, არ დარჩეს უზიარებელი. მორწმუნეთათვის ეს დღე ზეთით ხსნილია.

ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. "დიდი ხუთშაბათი", დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა ბანვას, საიდუმლო სერობას, გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. უფლის მაგალითით, მღვდელი ეკლესიის საკურთხეველზე მუხლმოდრეკილი ფეხებს ჰბანს 12 ბავშვს ან ეკლესიის მსახურებს და ზეთს სცხებს მათ.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ."თორმეტი სახარება"ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.

არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, სანთელი, რომელიც სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში.
„თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

„სახარებები“ რომლებიც იკითხება ამ მსახურების დროს:

პირველი - იოანეს სახარება 13:31 - 18:1

მეორე - იოანეს სახარება 18:1-28

მესამე - მათეს სახარება 26:57-75

მეოთხე - იოანეს სახარება 18:28 - 19:16

მეხუთე - მათეს სახარება 27:3-32

მეექვსე - მარკოზის სახარება 15:16-32

მეშვიდე - მათეს სახარება 27:33-54

მერვე - ლუკას სახარება 23:32-49

მეცხრე - იოანეს სახარება 19:25-37

მეათე - მარკოზის სახარება 15:43-47

მეთერთმეტე - იოანეს სახარება 19:39-42

მეთორმეტე - მათეს სახარება 27:62-66


მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება.

ამ დღეს მსახურებისას შემდეგი ტროპარ-კონდაკიც იკითხება:

ტროპარი: ,,რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა”.

კონდაკი: ,,მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე მანმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად”.

თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ.

არსებობს ძველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც სანთელი, რომელიც თორმეტი სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ სახლში და შესასვლელი კარის თავზე სანთლის ალისგან წარმოქმნილი კვამლით ჯვარი გამოვსახოთ. 
| Print |