რელიგია
ახალციხელებმა წითელ პარასკევს კვერცხი წითლად შეღებეს
დღეს, წითელ პარასკევს, მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს.
სააღდგომოდ კვერცხი წითლად უკვე შეღებეს ივანიძეების ოჯახში. ოჯახის დიასახლისმა ცირა ივანიძემ კვერცხის მაქსიმალურად კარგი ფერის მისაღებად ტრადიციულ, ბებიისგან ნასწავლ მეთოდს მიმართა, რომლის მიხედვით ქვაბში კვერცხსა და ენდროსთან ერთად ხახვის ფუჩეჩს აყოლებენ. ოჯახის დიასახლმა სააღდგომო კვერცხის შეღებვის შემდეგ ტრადიციულად პასკების ცხობა დაიწყო.

წითელ პარასკევს ყველა მოქმედ ტაძარში მაცხოვრის დატირების რიტუალი შესრულდა. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი – იგივე წითელი პარასკევი, ვნების კვირის პარასკევი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

| Print |