რელიგია
საქართველოსა და უკრაინის ეკლესიებს შორის შეხვედრა გაიმართა
7 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას მღვდელმთავარი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობა და საქართველოსა და უკრაინის ეკლესიებს შორის სამომავლო ურთიერთობები განიხილეს.

უცნობია, ისაუბრეს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, რასაც საქართველოს ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს. თეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ვიზიტი თბილისში უკრაინის პრემიერის ვიზიტის საპასუხოდ საგანგებოდ დაინიშნა, რადგან რუსეთი ცდილობს საქართველოს ეკლესიამ მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

,,შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები" - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
| Print |