რელიგია
პანსიონზე "შტურმი" კავშირშია ივლისში ლგბტ უფლებების კვირეულთან - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ივლისში ლგბტ უფლებების კვირეულის ორგანიზებას უკავშირდება.

საპატრიარქოს წარმომადგენლის ეს განცხადება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების უფლებრივი საკითხით სახალხო დამცველის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის გაგრძელებაა. ლგბტ უფლებების დაცვა საპატრიარქოს სწორედ დისკრედიტაციის საშუალებად ესახება. სახალხო დამცველზე თავდასხმები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინიდის პანსიონში ბავშვთა უფლებების შელახვა და ძალადობის ისტორიები მოექცა.

დეკანოზი ჯაღმაიძე Facebook-ზე წერს, რომ ეს არის ,,მოსამზადებელი ეტაპი" და ის ფართო მასებში ,,ეკლესიის დისკრედიტაციას" ისახავს მიზნად.

,,ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზი ანდრია, პირველკურსელი ლუკა ხაჩიძის ინტერვიუზეც წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,მეუფეს (სპირიდონი) განსაკუთრებით უყვარს, ზაფხულობით თავისთან მიყავდა ეპარქიაში პანსიონში ცხოვრების დროს. განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ყველა, ერთი კვირის წინ საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო" - წერს დეკანოზი.
| Print |