19 დეკემბერს მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს ეკლესიის მფარველის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
მეუფე თეოდორეს თქმით, წმინდა ნიკოლოზი ქვეყნის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა. ამიტომ მორწმუნეები მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს, განსაკუთრებულ წმინდანად მიიჩნევენ.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.
მორწმუნეები მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როდესაც მირონლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნაწილები, მირონიდან ქალაქ ბარში გადაასვენეს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
|