რელიგია
ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა “დააბრალეს”.

,,მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა.

რაღაც უნდა გააკეთო ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. სისულელე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი და ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა”
, – თქვა მიტროპოლიტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ “ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო”.

,,ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ეკლესიაზე. და რაში მდგომარეობს ეს შეტევა – დიდი ბოდიში, თუ მკვეთრ გამოთქმებს ვიხმარ, მთავარი არის სისულელეების ლაპარაკი.

გამოაცხადეს პატრიარქის მკვლელობა. მაშინ პატრიარქი გერმანიაში იმყოფებოდა, ეს იყო 2017 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისში შედგა წმინდა სინოდის სხდომა და წმინდა სინოდის სხდომაზე პირადად მე მოვახსენე სინოდის მღვდელმთავრებს, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, მე ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ გამოგვიცხადეს პატრიარქის სიკვდილი”
– თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

,,ღიად ადასტურებენ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა" - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მეუფე ნიკოლოზის განცხადების შემდეგ საუბრობს.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი ძმის საქმე იყო მიწყნარებული და მიჩუმებული და რადგან მეუფე ნიკოლოზმა გადაწყვიტა თავის Youtube-არხზე ამ გადაცემის ჩაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ღიად ადასტურებენ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქოს პრეს-სპიკერადაც კი მოიაზრება და აქედან გამომდინარე, ამ განცხადებით ისინი უკვე ღიად ადასტურებენ, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო. და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება, - ამბობს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.
| Print |